სათაო ოფისი +995 032 2 50 20 21

ბიზნეს ცენტრი "მოზაიკა"

09:00 - 18:00 ორშაბათი - პარასკევი

images

ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია

ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია


შეგახსენებთ, რომ ფიზიკური, პირი არაუგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა, ვალდებულია წარადგინოს ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია თუ:

· საკუთრებაში აქვს დასაბეგრი მიწა, სარგებლობს/ფლობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწით, ან მფლობელობაში ან/და სარგებლობაში აქვს გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი (გარდა იჯარის, ქირის, უზურფრუქტის ან სხვა ამგვარი ხელშეკრულებით სარგებლობისა) მიუხედავად შემოსავლების ოდენობის.

· პირის და მისი ოჯახის წევრების შემოსავალი გასული წლის მიხედვით აღემატება 40 000 ლარს და საკუთრებაში აქვთ დასაბეგრი ქონება (უძრავი ქონება, მათ შორის დაუმთავრებელი მშენებლობა, შენობა-ნაგებობა ან მათი ნაწილი, იახტა (კატარღა), შვეულმფრენი, თვითმფრინავი და მსუბუქი ავტომობილ(ებ)ი მფლობელობაში ან/და სარგებლობაში აქვთ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებული ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი (გარდა იჯარის, ქირის, უზურფრუქტის ან სხვა ამგვარი ხელშეკრულებით სარგებლობისა). ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები, დაუმონტაჟებელი მოწყობილობები და სხვა).



ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:



ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.



დეკლარაციაში დასაბეგრი ქონება აისახება საბაზრო ღირებულებით, ხოლო დასაბეგრი მიწა - ფართობის მიხედვით (არასასოფლო-სამეურნეო - კვ.მ-ებში, ხოლო სასოფლო-სამეურნეო - ჰექტრებში).



დასაბეგრი ქონების ღირებულება ფიზიკურმა პირმა შესაძლოა განსაზღვროს თვითონ ქონების შესაძლო სარეალიზაციო ფასიდან გამომდინარე. ინფორმაცია ქონების საბაზრო ფასების შესახებ შეიძლება მოიძიოს ასევე სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებიდან, ან შეაფასებინოს შესაბამის უფლებამოსილ პირს.



რა სახის შემოსავალი უნდა შეიტანოს პირმა მისი და ოჯახის მიერ მიღებულ შემოსავლებში?



პირის და ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად, კერძოდ: ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, ამასთან, მცირე ბიზნესის სტატუსის ქონის შემთხვევაში - მცირე ბიზნესით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავლის 25 პროცენტი; ნებისმიერი შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი, რომელიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან; დარიცხული (და არა ხელზე მისაღები) ხელფასი.



ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით (მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით).

აქვე შეგახსენებთ, ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.



დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება არ წარმოეშობა პირს, თუ გასულ საგადასახადო წელს წარდგენილი აქვს დეკლარაცია ან დარიცხული აქვს გადასახადი და არ იცვლება მონაცემები.

თუ ფიზიკური პირი გასული საგადასახადო წლის მიხედვით იყო ქონების გადასახადის მიხედვით დეკლარანტი და სსკ-ით დადგენილი საგადასახადო შეღავათების გათვალისწინებით მას მიმდინარე საგადასახადო პერიოდის მიხედვით არ წარმოეშობა დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 1 ნოემბრისა განცხადებით მიმართავს საგადასახადო ორგანოს.



თუ ოჯახის ორ ან ორზე მეტ წევრს აქვს დასაბეგრი ქონება, ოჯახის ნებისმიერ სრულწლოვან წევრს შეუძლია წარადგინოს ქონების გადასახადის ერთიანი (საოჯახო) წლიური დეკლარაცია, რომელშიც მიეთითება ოჯახის ყველა წევრი და მათი დასაბეგრი ქონება/მიწა.



ოჯახის წევრად ითვლება პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან.