„შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონის მნიშვნელოვანი ცვლილებები - ახალი წესები 2026 წლის პირველი მარტიდან
„შრომითი
მიგრაციის შესახებ“ კანონის მნიშვნელოვანი ცვლილებები - ახალი წესები 2026 წლის პირველი
მარტიდან
ცვლილებების მიხედვით, უცხოელებისთვის საქართველოში
შრომითი ან სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება, გარდა კანონით განსაზღვრული გამონაკლისი
შემთხვევებისა, შესაძლებელი იქნება მხოლოდ შრომითი საქმიანობის უფლების მიღების საფუძველზე,
რომელიც უცხოელს ანიჭებს სპეციალურ უფლებას საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს
შრომითი/სამეწარმეო საქმიანობა დამოუკიდებლად ან იყოს შრომით ურთიერთობაში ადგილობრივ
დამსაქმებელთან საქართველოში ან დისტანციური ფორმით;
შრომითი
იმიგრანტის ახალი დეფინიცია
კანონის ახალი რედაქციით, შრომით იმიგრანტად
მიიჩნევა მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელი, რომელიც საქართველოში ახორციელებს
შრომით ან სამეწარმეო საქმიანობას, კერძოდ:
- უცხოელი,
რომელიც საქართველოში დასაქმებულია შრომითი ხელშეკრულებით;
- უცხოელი,
რომელიც ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომით ურთიერთობას დისტანციურად ახორციელებს;
- თვითდასაქმებული
პირი - საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელი, რომელიც საქართველოში
ახორციელებს შრომით საქმიანობას, მათ შორის, არის ვაჭრობის, მომსახურების ან სხვა
ტიპის საქმიანობის განმახორციელებელი ან პარტნიორი, დამოუკიდებელი კონტრაქტორი
ან სხვაგვარად არის ჩართული სამეწარმეო/შრომითი საქმიანობის პროცესში და ამ საქმიანობის
მიზანი ფინანსური სარგებლის მიღებაა;
შრომითი
საქმიანობის უფლების მოპოვების აუცილებლობა
ცვლილებების შედეგად, ნებისმიერი უცხოელი, რომელიც
საქართველოში გეგმავს შრომით ან სამეწარმეო საქმიანობას, ვალდებულია, წინასწარ მოიპოვოს
შრომითი საქმიანობის უფლება, რომელიც გაიცემა:
- დასაქმებულისთვის
– კონკრეტულ დამსაქმებელთან მუშაობის უფლებით;
- თვითდასაქმებულისთვის
– კონკრეტული სპეციალობისა და საქმიანობის სფეროს მითითებით.
უცხოელს საქართველოში შრომითი ან სამეწარმეო
საქმიანობის განხორციელების უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ იგი ერთდროულად
ფლობს შრომითი საქმიანობის უფლებას და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ
შესაბამის დოკუმენტს — როგორიცაა D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა, შრომითი ბინადრობის
ნებართვა ან სხვა კანონით განსაზღვრული ბინადრობის ნებართვის სახეობა. ამ დოკუმენტების
არსებობა წარმოადგენს წინაპირობას, რომ უცხოელმა საქართველოში კანონიერად განახორციელოს
შრომითი ან სამეწარმეო საქმიანობა, რომლის მიზანიც არის საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი ეკონომიკური სარგებლის მიღება.
შრომითი იმიგრანტი შრომითი საქმიანობის
უფლების მოპოვების შემდეგ, ვალდებულია, თუ:
ა) ჯერ არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე,
შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს D1 კატეგორიის საიმიგრაციო
ვიზის მისაღებად;
ბ) უკვე იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, შრომითი
საქმიანობის უფლების მოპოვებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს შრომითი ბინადრობის ნებართვის ან ინფორმაციული
ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის მისაღებად.
შრომით იმიგრანტს არ აქვს საიმიგრაციო ვიზის/ბინადრობის
ნებართვის მიღების ვალდებულება, თუ მას აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული
რომელიმე სახის ბინადრობის ნებართვა ან იგი შრომით საქმიანობას სრულად დისტანციურად
ახორციელებს და ეს საქმიანობა მის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას არ საჭიროებს.
კომპანიების
ვალდებულებები და რეკომენდაციები
ყველა კომპანია, რომელიც თანამშრომლობს ან გეგმავს
თანამშრომლობას უცხოელ სპეციალისტებთან, უნდა:
- გადაამოწმოს
მოქმედი ხელშეკრულებები უცხოელ თანამშრომლებთან/მომსახურების გამწევ პირებთან;
- უზრუნველყოს
ახალ რეგულაციებთან შესაბამისობა, როგორც ახალ, ისე არსებულ თანამშრომლებთან მიმართებით;
- განაახლოს
შრომითი და მომსახურების ხელშეკრულებების შაბლონები, ახალი სამართლებრივი მოთხოვნების
გათვალისწინებით;
- მოამზადოს
საჭირო დამადასტურებელი დოკუმენტაცია შრომითი საქმიანობის უფლების მისაღებად.
როგორ
შეგვიძლია დაგეხმაროთ
ჩვენი
იურიდიული გუნდი მზად არის, სრულად გაგიწიოთ სამართლებრივი მხარდაჭერა, შემდეგ საკითხებში:
- შრომითი და მომსახურების ხელშეკრულებების რედაქტირება;
- პროცედურების იდენტიფიცირება და სტრუქტურირება;
- საჭირო დოკუმენტაციის მომზადება
და წარდგენა;
- საკონსულტაციო მხარდაჭერა
შრომითი საქმიანობის უფლებისა და ბინადრობის ნებართვის მიღების პროცესში;